ჭრიჭინებენ ჭრიჭინები?

ზაფხულში ჭრიჭინების გაბმულ ხმას ყურს თუ დაუგდებ, მიხვდები, რომ ისინი სულ, გაუჩერებლად, თავიანთთვის ჭრიჭინებენ და მანამ არ ჩერდებიან, სანამ არ დაზამთრდება, მერე, ალბათ, თავიანთთვის სადმე იძინებენ და ზაფხულამდე მოთმინებით იცდიან.

ასეა გულის ხმაც, ყურის დაგდება, მოსმენა უნდა კარგად რომ გაუგო. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მისთვის სეზონს მნიშვნელობა არ აქვს… სულ ასეთია, ბაგაბუგა, ხმაურიანი და სულ არ სჭირდება მზე, სითბო ან სინათლე რომ იმუშავოს. არც რომელიმე ახალი სტუმრისთვის უჭირს კარის გაღება და შიგნით შემოშვება.. მერედა როგორ რთულად ეთხოვება ვინმეს, კარი თუ  გაუღო, უნდა ნახოთ…

კარგი მსმენელიცაა და მოსაუბრეც. არასდროს იტყუება, სულ იცის რა უნდა, უბრალოდ ჩვენ გვიჭირს მისი მოსმენა. ასე ამბობენ ხოლმე, გულს დაუგდე ყურიო, ჰოდა, ტყუილად, არსაიდან ხომ არაა ეს გამოთქმა მოსული, არა? პირიქით, ასე მგონია, კაცობრიობის ყველა გამოცდილება ერთად შეიკრიბა და ერთ ფრაზად აეწყო.

შენც მოგისმენს, თვითონაც ილაპარაკებს ბევრს და ბოლოს მაინც გაიძულებს, ოკეანისხელაზე ვიგრძნოთ ის, რასაც თავად ბევრი წელი აგროვებს. თავისი ფუნქციით ბოროტად სარგებლობს ხოლმე… როცა უნდა, რომ რაღაც განსაკუთრებულად ვიგრძნოთ, თავის მთელ დაქსელილ სისტემას იყენებს და სიყვარულს, ბედნიერებას, ტკივილსა თუ რაიმე სხვას, სხეულის ყველა ატომით, ყველა სისხლძარღვით გვაგრძნობინებს ხოლმე.

მერე კითხვები გვიჩნდება…

რა უნდა, კაცო, ამ გულს? რას შემიჩნდა? რატომ არ მანებებს თავს? განა, ჩემ მეტი საქმე არ აქვს? მომეშვას ერთი, ისედაც ათასი საფიქრალი მაქვს…

ჰო, გონებას გული არასდროს უნდა ვანაცვალოთ… არც გული გონებას. მათი კავშირი უნდა დავინახოთ იქ, სადაც ყველაზე ნათელ წერტილში არიან გადაჯაჭვულნი და მერე მივხვდებით, რომ რაღაც აქამდე უნახავის მომსწრენი გავხდით.

სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი რომელია უფრო ძლიერი, რომელია უფრო ეგოისტი და მეთავისე, მაგრამ მგონია, რომ ისინი არიან ჩვენი მთავარი მომსმენნიც და ჩვენთან მოსაუბრენიც.

ჰოდა, მგონია, ყველაზე დიდ დანაშაულს მაშინ ჩავდივართ, როცა ჩვენს თავს არ ვუსმენთ. არც ერთი განცდა, რომელიც ადამიანს უჩნდება, ბევრი არაა. ჩვენ არ უნდა ვაიძულოთ ჩვენს თავს, გავექცეთ რომელიმე გრძნობას, თავი ავარიდოთ მას. მხოლოდ ზიზღია ის, რასაც გულში შემოსვლის უფლება არ უნდა მივცეთ, თორემ სიყვარული და მისთანანი, ბევრი არასდროს იქნება.  

თქვენთან რა ხდება, ჭრიჭინებენ ჭრიჭინები?

Movie Quotes

Leave a comment